ჰაერის გაუმჯობესება ტყის ხანძრების ფონზე
-
ბოლო წლებში ამერიკაში ტყის ხანძრების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა.
-
ტყის ხანძრები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჰაერის ხარისხს.
-
ტყის ხანძრების გახშირებას ხელს უწყობს მათი ჩაქრობის შედეგად ნიადაგში გაჩენილი ნახშირი და გლობალური დათბობა.
ახალი კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში გაჩენილმა ინტენსიურმა ხანძრებმა აშშ-ს უმეტეს ნაწილებში ჰაერის ხარისხი გააუარესა, რამაც გადაწონა ის პოზიტიური მიღწევები, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შეინიშნებოდა.
ტყის ხანძრებმა ნეგატიური გავლენა იქონია ამერიკის კონტინენტზე არსებული სახელმწიფოების ჰაერის 75%-ზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ჰაერის ხარისხი უმჯობესდებოდა — ისეთი კანონპროექტების გატარების შედეგად, როგორიცაა „სუფთა ჰაერის აქტი“.
კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში გაიზარდა ხანძრების მასშტაბი, სიხშირე და ინტენსივობა და გაუარესდა ჰაერის ხარისხი აშშ-ს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. აშშ-ს ზოგიერთი რეგიონი ჰაერში PM2.5 მყარი ნაწილაკების მზარდ დონეს უჩივის.
მკვლევრებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა იმ გავლენის მასშტაბი, რაც ხანძრებს აქვს მთელი ქვეყნის ჰაერის ხარისხზე — თქვა მარშალ ბურკმა.
„კვლევით გამოვლინდა ხანძრების საკმაოდ არსებითი და ფართოდგავრცელებადი კვალი აშშ-ს ჰაერის ხარისხზე“ — ამბობს მარშალი.
მკვლევრებმა შეაჯერეს ჰაერის ხარისხის მონაცემები მიწისა და ჰაერის სენსორებიდან 2000 წლიდან 2022 წლამდე, რათა დაედგინათ ხანძრების კვამლის წვლილი ჰაერში PM2.5 ნაწილაკების არსებობაში. საინტერესოა, რომ 48 შტატიდან 41-ში 2016 წლამდე დაბინძურება კლებულობდა.
ანგარიშის მიხედვით, პოზიტიური დინამიკა 31 შტატში შემცირდა, ხოლო 11 შტატში ნეგატიურით გადაიფარა.
ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო ექვს წელიწადში მომხდარმა ხანძრებმა, 2016 წლიდან 2022 წლამდე, გადაფარა ის 25%-იანი პროგრესი, რომელიც აშშ-ს ჰაერის ხარიხს ჰქონდა საუკუნის დასაწყისიდან დღემდე — ამბობს ბურკი.
PM2.5 მყარი ნაწილაკი 30-ჯერ პატარაა ადამიანის თმაზე და მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს მიხედვით, PM2.5 მყარი ნაწილაკების ჰაერში დიდი რაოდენობით კონცენტრაცია იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თვალების, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება, წვა, ხველა, ცემინება, სუნთქვის გართულება, ასთმა და გულის დაავადებები.
მოხშირებული ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: მათი ხშირი ჩაქრობისგან ნიადაგში გაჩენილი ნახშირი და გლობალური დათბობა, რაც აშრობს ნიადაგს და ხელს უწყობს ცეცხლის ნაპერწკლის გაღვივებას.
„კვლევა არ მოიცავს 2023 წელს გაჩენილ ხანძრებს, რაშიც კანადის უპრეცედენტო ხანძრების სეზონიც შედის“ — განაცხადა ბურკმა.
„თუ ტყის ხანძრების ინტენსივობა არ შემცირდება, მომავალში ჰაერის დაბინძურების ექსტრემალური საფრთხე გველის“ — თქვა ბურკმა.
სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე
წყარო: Abcnews.go.com
20 თებერვალი 2024 წელი