ჰაერის დაბინძურების აღმოჩენა ცვლის მკვლევრების წარმოდგენას კიბოს ჩამოყალიბების შესახებ
- მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არ აზიანებს უჯრედებს, არამედ აღვიძებს ძველ უჯრედებს, რომლებიც უკვე დაზიანებულია.
- ახლა უკვე შესაძლებელია ისეთი მედიკამენტების შექმნა, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს წარმოქმნას.
- მეცნიერებმა ასევე გამოავლინეს, რომ PM2.5-ის სუნთქვამ შეიძლება ფილტვებში გამოათავისუფლოს ქიმიური ნივთიერება, რომელიც ააქტიურებს უჯრედებს დაზიანებების აღსადგენად, მაგრამ შესაძლოა ასევე გაააქტიუროს კიბოს მატარებელი უჯრედიც და სიმსივნე გამოიწვიოს.
მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა ინოვაციური აღმოჩენა იმის შესახებ, თუ როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება კიბოს, რაც სრულიად გარდაქმნის მათ წარმოდგენას სიმსივნის წარმოქმნის შესახებ.
ლონდონის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არ აზიანებს უჯრედებს, არამედ აღვიძებს ძველ უჯრედებს, რომლებიც უკვე დაზიანებულია.
ეს დასკვნები ძალიან განსხვავდება ტრადიციული შეხედულებისგან, რომ კიბო იწყება ჯანსაღ უჯრედში, რომელიც მუტაციას ახდენს მის დნმ-ში მანამ, სანამ არ გახდება კიბო, მაგრამ ბევრი ნივთიერება, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, არ აზიანებს დნმ-ს.
ახალ აღმოჩენას შეუძლია ახსნას, თუ როგორ იწვევს სხვა კანცეროგენული ნივთიერებები კიბოს განვითარებას და მეცნიერები ამბობენ, რომ ახლა უკვე შესაძლებელია ისეთი მედიკამენტების შექმნა, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს წარმოქმნას.
კვლევის წამყვანმა ავტორმა და კიბოს კვლევის ბრიტანელმა მთავარმა კლინიცისტმა, პროფესორმა ჩარლზ სვანტონმა, თქვა: კიბოს გამომწვევი მუტაციების მქონე უჯრედები ბუნებრივად გროვდება ასაკთან ერთად, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ არააქტიურები არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჰაერის დაბინძურება აღვიძებს ამ უჯრედებს ფილტვებში, ხელს უწყობს მათ ზრდასა და პოტენციურად სიმსივნეების წარმოქმნას.
„ჩვენ მიერ გამოვლენილი მექანიზმი საბოლოოდ დაგვეხმარება ფილტვის კიბოს პრევენციისა და მკურნალობის უკეთესი გზების პოვნაში არამწეველებში. თუ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ უჯრედების ზრდა ჰაერის დაბინძურების საპასუხოდ, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ფილტვის კიბოს რისკი.”
მკვლევრებმა შეისწავლეს, თუ როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება კიბოს, განსაკუთრებით არამწეველებში და ყურადღება გაამახვილეს PM2.5-ზე.
მთელი რიგი ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ კიბოს უფრო მაღალი სიხშირე, რომელიც არ უკავშირდება მოწევას, ჰაერის მაღალი დაბინძურების დონის მქონე ადგილებში გვხვდება.
მეცნიერებმა ასევე გამოავლინეს, რომ PM2.5-ის სუნთქვამ შეიძლება ფილტვებში გამოათავისუფლოს ქიმიური ნივთიერება, ინტერლუკინ-1-ბეტა, რომელიც იწვევს ფილტვებში ანთებას და ააქტიურებს უჯრედებს დაზიანებების აღსადგენად.
თუმცა, საშუალოდ, 50 წლის ადამიანის ფილტვებში, ყოველი 600 000 უჯრედიდან, ერთი პოტენციურად კიბოა.
ეს იმის გამო ხდება, რომ ასაკთან ერთად ჩვენ ვიღებთ ამ უჯრედებს, რომლებიც შეიძლება სიმსივნური გახდეს, როგორც კი ქიმიური ნივთიერება გააქტიურდება.
გარდა ამისა, მკვლევრებმა, რომლებიც ატარებდნენ ექსპერიმენტებს ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებზე, აღმოაჩინეს, რომ მათ შეუძლიათ შეაჩერონ კიბოს წარმოქმნა, როდესაც იყენებდნენ წამალს, რომელიც ბლოკავს ამ ქიმიურ ნივთიერებას.
სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ლედი ბოჟაძე
წყარო : airqualitynews.com
25 ოქტომბერი 2022 წელი.