გაერომ ახლახან გამოაცხადა ადამიანის უნივერსალური უფლება ჯანსაღ, მდგრად გარემოზე – აი, რა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა რეზოლუციამ
- კლიმატის ცვლილება უკვე გავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ტყის ხანძრების, მანქანებისა და მრეწველობისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება.
- 2022 წლის 28 ივლისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით „სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოში“ ცხოვრების უნარი გამოაცხადა ადამიანის საყოველთაო უფლებად.
- რეზოლუცია ერთხმად დამტკიცდა, თუმცა რვა ქვეყანამ თავი შეიკავა: ბელორუსია, კამბოჯა, ჩინეთი, ეთიოპია, ირანი, ყირგიზეთი, რუსეთი და სირია.
კლიმატის ცვლილება უკვე გავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ტყის ხანძრების, მანქანებისა და მრეწველობისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება.
იხოცება უპრეცედენტო რაოდენობის ფუტკრები და სხვა დამმტვერავი მწერები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები მოსავლის წარმოებასა და საკვების ხელმისაწვდომობაში.
2022 წლის 28 ივლისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით „სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოში“ ცხოვრების უნარი გამოაცხადა ადამიანის საყოველთაო უფლებად. ამასთანავე, მოუწოდა ქვეყნებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა ამ ყოველივეს რეალიზებისათვის.
დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო.სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს ცნება,ასევე ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალოებას ტოვებს.მიუხედავად ამისა, ეს უფრო მეტია, ვიდრე მორალით ნაკარნახევი ნაბიჯი. მსგავს რეზოლუციებს ეფექტური საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონების საფუძვლის ჩაყრის ისტორია აქვს.
ადამიანის უფლებების ცნების ზრდა
1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ახლადშექმნილმა გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ჰოლოკოსტის სისასტიკის საპასუხოდ. დეკლარაცია არ იყო იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ მან ჩამოაყალიბა უფლებების საბაზისო საფუძველი, რომელიც ადამიანის ღირსების დაცვის ერთ-ერთი ძირითადი გარანტორია.
უფლებების ეს პირველი ნაკრები მოიცავდა სიცოცხლის უფლებას, რელიგიურ გამოხატვას, მონობისგან თავისუფლებას და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ადეკვატურ ცხოვრების დონეს.
მას შემდეგ გაფართოვდა ადამიანის უფლებების სფერო, მათ შორის, რამდენიმე შეთანხმება, რომელიც იურიდიულად სავალდებულოა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მოახდინეს მათი რატიფიცირება. გაეროს კონვენციები წამების (1984) და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ (1965) და ბავშვთა (1989) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2006) მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. დღეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა, ასევე, მოიცავს სავალდებულო შეთანხმებებს ეკონომიკურ, კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე.
სამმაგი პლანეტარული კრიზისი
სამყარო მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაიწერ., ალბათ ყველაზე მეტად, გარემოსდაცვითი კრიზისების მასშტაბების მხრივ, რომლებსაც მთელი მსოფლიო აწყდება.
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების ფართომასშტაბიანი დაკარგვა და შეუმცირებელი დაბინძურება „სამმაგი პლანეტარული კრიზისია“, ეს კი საფრთხეს უქმნის მთელ პლანეტას და საჭიროა საზღვრების დაწესება, რაც აუცილებელია დედამიწაზე უსაფრთხო ცხოვრებისთვის.
ამ საფრთხეებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სიცოცხლის, ღირსებისა და ჯანმრთელობის უფლებას, ამის ძირითადი მიზეზები კი ჰაერის დაბინძურება, დაბინძურებული წყალი და პლასტმასათი დაბინძურებაა. სწორედ ამიტომ, უფლებადამცველები მოუწოდებდნენ გაეროს, გამოეცხადებინა უფლება სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე.
გაერო 50 წელზე მეტია, განიხილავს გარემოს დაცვას, როგორც გლობალურ ამოცანას, და, ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება ეხებოდა კონკრეტულ გარემოსდაცვით საკითხებს, მათ შორის სავალდებულო შეთანხმებებს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ოზონის ხვრელის დახურვის შესახებ. 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმება გლობალური დათბობის შეზღუდვის შესახებ არის ხანგრძლივი ბრძოლის პირდაპირი და იურიდიულად სავალდებულო შედეგი.
სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლების შესახებ რეზოლუცია ერთხმად დამტკიცდა, თუმცა რვა ქვეყანამ თავი შეიკავა: ბელორუსია, კამბოჯა, ჩინეთი, ეთიოპია, ირანი, ყირგიზეთი, რუსეთი და სირია.
წყლის უფლება
ადამიანის უფლებათა ნებაყოფლობითი დეკლარაციები, ამავდროულად, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაში და ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტების მიწოდებაში, უკეთესი პირობების მოსათხოვად.
ადამიანის უფლება წყალზე არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენეს გაეროს რეზოლუციები სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად. 2010 წელს მიღებული რეზოლუცია აღიარებს, რომ ადეკვატური რაოდენობის სუფთა სასმელი წყლისა და სანიტარული პირობების ხელმისაწვდომობა აუცილებელია ყველა სხვა უფლებების რეალიზაციისთვის. ფაღარათის დაავადება, ძირითადად არაუსაფრთხო სასმელი წყლისგან, ყოველწლიურად ნახევარ მილიონ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კლავს.
2012 წელს, ადამიანის უფლებათა დამცველებმა დაიხმარეს ეს რეზოლუცია მექსიკის მთავრობის იძულებაში, ჩაეტარებინათ კონსტიტუციური რეფორმა და დაეცვათ ადამიანის წყალზე უფლება. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ჯერ კიდევ გამოწვევების წინაშე დგას, წყლის უფლების იდეა, ასევე, ეხება წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდას მარგინალიზებულ თემებში. ბანგლადეშში, კოსტა რიკაში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.
მკვიდრი მოსახლეობის უფლებები
კიდევ ერთ მაგალითს, მკვიდრი მოსახლეობის უფლებების შესახებ, გაეროს 2007 წლის დეკლარაცია წარმოადგენს. იგი აღიარებს მარგინალიზაციის, ძალადობისა და ექსპლუატაციის სპეციფიურ ამბებს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალმა აბორიგენმა ხალხმა გადაიტანა.
რეზოლუცია ასახავს ძირძველი ხალხის უფლებებს, მაგრამ არ აღიარებს მათ სუვერენიტეტს, რასაც ბევრი აკრიტიკებს, როგორც თვითგამორკვევის ფარგლების შეზღუდვას. თუმცა რამდენიმე ქვეყანამ გაითვალისწინა მისი ზოგიერთი რეკომენდაცია, 2009 წელს კი ბოლივიამ ეს უფლება კონსტიტუციაში შეიტანა.
მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დეკლარაცია განიხილავს თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის უფლებას განვითარებისა და სამრეწველო პროექტების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს მკვიდრ მოსახლეობაზე. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი ადგილობრივი ხალხებისთვის, რათა მოითხოვონ სათანადო დაცვა სამართლებრივი სისტემის მეშვეობით.
კანადაში, პარაგვაისა და კენიაში მკვიდრმა ხალხებმა გამოიყენეს ეს რეზოლუცია ადამიანის უფლებათა სასამართლოების წინაშე მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვებების მოსაპოვებლად.
ცვლილების მექანიზმები
გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციები არის დამწყები ნორმები, რომლებიც მიზნად ისახავს უფრო სამართლიანი სამყაროს უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დეკლარაციები არ არის იურიდიულად სავალდებულო, ისინი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობებზე და კერძო კომპანიებზე ზეწოლისთვის, რათა დაიცვან ან გააუმჯობესონ ადამიანის კეთილდღეობა.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და მეგი რუსია
წყარო : www.ecowatch.com