გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც იტყობინება, რომ 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ზე მეტით გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სათბურის აირების ემისიის შემცირება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს აღინიშნა, მოსალოდნელ დათბობაზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას მოახდენს.
გაეროს მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის ჰაერში ნახშირბადის ოდენობა, წინა წელთან შედარებით, ჯამში 7 პროცენტით შემცირდება, რაც ქვეყნების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის გამო ფრენებისა თუ საწარმოო პროცესების შეჩერების დამსახურებაა. თუმცა, ამ ყველაფრის შედეგად, 2050 წლისთვის ჩვენს პლანეტაზე სულ რაღაც 0,01°C-ით ნაკლები სითბო დაფიქსირდება. ორგანიზაციის განცხადებით, გამონაბოლქვის დონემ ყოველწლიურად 7,6 პროცენტით უნდა დაიკლოს, რათა შესრულდეს პარიზის შეთანხმება, რომელიც დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის ჯერ 2 °C-მდე, შემდეგ კი 1,5 °C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს.