დედამიწის რა ნაწილია დაცული ამჟამად?
2030 წლისთვის დედამიწის და ოკეანეების ეკოსისტემების 30 პროცენტის დასაცავად მოწოდება უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედის. საინტერესოა დედამიწის რა ნაწილია ამჟამად დაცული?
ამ კითხვას პასუხი გასცა დაცული პლანეტის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა, რომელიც ბუნების დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (IUCN) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნდა. ორწლიანი ანგარიშის ბოლო გამოცემის თანახმად 2020 წლის მდგომარეობით დედამიწის სულ მცირე 17 პროცენტია დაცული, თუმცა ამ დაცული ტერიტორიების დაცვის ხარისხი შეიძლება გაუმჯობესდეს.
„ტერიტორიების დაცვა და კონსერვაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიომრავალფეროვნების დაკარგვის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ტერიტორიების დაცვის და კონსერვაციის გლობალური ქსელის გაფართოების საქმეში”, – განაცხადა UNEP- ის მსოფლიო კონსერვაციის მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა ნევილ ეშმა პრესრელიზში. ”თუმცა, უფრო მეტი და მეტი ტერიტორიების გამოყოფა დაცვისა და კონსერვაციისთვის საკმარისი არ არის; საჭიროა მათი ეფექტური და სამართლიანი მართვა, რადგან ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური თვალსაზრისით და უზრუნველყოფენ უკეთეს მომავალს ხალხისა და პლანეტისთვის.”
ანგარიში აჩვენებს, თუ რამდენად მიაღწიეს წარმატებას მსოფლიო ლიდერებმა 2010 წელს აიჩში, იაპონიაში გამართულ შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციით დადგენილი 20 პუნქტიანი დადგენილებიდან 11 პუნქტის შესრულების კუთხით. გასულ წელს ჩატარებულმა შეფასებამ აჩვენა, რომ ამ პუნქტებიდან არც ერთი შესრულებული არ არის სრულად. ამასთან, ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ, მე-11 პუნქტზე მსოფლიომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
მე-11 პუნქტი მიზნად ისახავს 2020 წლისთვის ხმელეთის და შიდა წყლების ეკოსისტემების 17 პროცენტისა და სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემების 10 პროცენტის დაცვას. ეს პუნქტი შესრულებულია. ანგარიშის თანახმად, მიწის ეკოსისტემების 16,64 პროცენტი ამჟამად დაცულია. რეალურად, შესაძლებელია დაცული ტერიტორიების ფართობი 17 პროცენტზეც მაღალი იყოს, რადგან ყველა მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემების დაცვას, აქ მხოლოდ 7.74 პროცენტის დაცვაა ხდება.
დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდის თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული, აღნიშნულია ანგარიშში. 2010 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციის ზომაზე მეტი ფართობი ტერიტორიის კონსერვაცია მოხდა და ახალ-ახალი ტერიტორიები ყოველთვიურად ემატება.
ამასთან, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ტერიტორიების დაახლოებით მესამედი, რომლებიც ბიომრავალფეროვნებისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვებზე, ჯერ კიდევ არ არის დაცული. გარდა ამისა, არასაკმარისი მონაცემები არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად იმართება ამჟამად დაცული ტერიტორიები. ხმელეთის მხოლოდ 7,84 პროცენტია დაცული და ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც ცხოველებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ბევრი ის ტერიტორია, რომელთა დაცვა და კონსერვაცია მოხდა, მართვის კუთხით ეფექტურობით ნამდვილად არ გამოირჩევა“, – განაცხადა ჯეიმს ჰარდასკლმა, IUCN-ის მწვანე სიის ინიციატივის ხელმძღვანელმა. “აქამდე არ იყო ყურადღება გამახვილებული ხარისხზე. ეს ტერიტორიები თავიანთ რეალურ პოტენციალს ვერ ითვისებენ.”
ანგარიში ასევე მოუწოდებს დაცულ ტერიტორიებს შორის კავშირის გაღრმავებას და ასევე იმ ტერიტორიების აღიარებას, რომელთა დაცვა ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით ხდება. გარდა ამისა, იგი მოუწოდებს სამართლიან მიდგომებს კონსერვაციის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას და არა მათთვის ზიანის მიყენებას.
ანგარიშის გამოქვეყნება მნიშვნელოვან მომენტში მოხდა, რადგან მსოფლიო ლიდერები აპირებენ ოქტომბერში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ბიომრავალფეროვნების შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად ჩინეთში, კუნმინგში და დასახონ ახალი ამოცანები.
”რადგანაც ბიომრავალფეროვნების შემცირება კვლავ გრძელდება, ჩვენ მოვუწოდებთ მონაწილე მხარეებს გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციაზე კუნმინგში დასახონ ამბიციური ამოცანა, რომელიც უზრუნველყოფს ხმელეთის, მტკნარი წყლების და ოკეანეების 30%-ის დაცვას 2030 წლისთვის. ამ ტერიტორიების შერჩევა უნდა მოხდეს ოპტიმალურად, რათა მოხდეს ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნების დაცვა და მათი ეფექტური და სამართლიანი მართვა” განაცხადა IUCN– ის გენერალურმა დირექტორმა ბრუნო ობერლემ პრესრელიზში.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნატა შველიძე
წყარო : www.ecowatch.com