ჩვეულებრივ ქოთნის მცენარეებს შენობაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლიათ
- ჩვეულებრივმა სპატიფილუმმა, დრაცენამ და ზამიოკულკასმა შეიძლება საგრძნობლად გააუმჯობესონ ჰაერის ხარისხი თქვენს ბინასა და ოფისში
- ბირმინგემის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის მებაღეების სამეფო ასოციაციის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტა ოთახის მცენარეების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გამოავლინა შენობაში ჰაერის დასუფთავებაში – ისინი აზოტის დიოქსიდს შთანთქავენ
- კვლევის ფარგლებში სამი ყველაზე პოპულარული და არც ისე ძვირი მცენარეების სახეობა გამოიყენეს და ისინი აზოტის დიოქსიდის ზეგავლენის ქვეშ მოათავასეს სპეციალურ კამერაში
- ყველა მცენარემ ჰაერის ამ ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებლის 20% შთანთქა
- ეს კვლევა ფრიად სასარგებლოა, რადგან დაეხმარება მეცნიერებს ჰაერის ხარისხის გასაზომი ხელსაწყოების სრულყოფაში
ჩვეულებრივ ოთახის მცენარეებს საგრძნობი წვლილის შეტანა შეუძლიათ სახლებსა და ოფისებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, ნათქვამია ბირმინგემის უნივერსიტეტისა და სამეფო მებაღეობის ასოციაციის (RHS) ახალ ერთობლივ კვლევაში.
მკვლევარებმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს, რომლების ფარგლებშიც ოთახის მცენარეები აზოტის დიოქსიდის (NO2) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერების – ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. დადასტურდა რომ გარკვეულ პირობებში მცენარეებს NO2-ის შემცველობის შემცირება 20%-ით შეუძლიათ.
მეცნიერები დაკვირვებას აწარმოებდნენ ბრიტანეთში სამ ყველაზე გავრცელებულ ოთახის მცენარეზე, რომლებიც არც ისე ძვირი ღირს. ესენია სპატიფილუმი (Spathiphyllum wallisii), სურნელოვანი დრაცენა (Dracaena fragrans) და ზამიოკულკასი (Zamioculcas zamiifolia).
ყველა ზემოხსენებული მცენარე მოათავსეს ისეთ პირობებში, რომლებშიც აზოტის დიოქსიდის დონე შეესაბამებოდა NO2-ის დონეს ოფისში, რომელიც ისეთ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც უამრავი ავტომობილი მოძრაობს.
გამოთვლებით დადასტურდა რომ ერთი საათის განმავლობაში მცენარეებმა აზოტის დიოქსიდის 20% შთანთქეს საცდელ კამერებში. ჰაერის გასუფთავების ეფექტურობა არ იყო დამოკიდებული გარემოპირობებზე, ანუ სინათლის, სინესტის და ნიადაგის სიმშრალის დონეზე.
წამყვანმა მკვლევარმა, დოქტორ კრისტიან ფრანგმა, განაცხადა: „ყველა მცენარე, რომელიც ავარჩიეთ, განსხვავებული იყო, მაგრამ ყველამ ერთნაირი თვისება გამოავლინა და NO2-გან ჰაერი გაწმინდა. ეს ექსპერიმენტი ძლიერ განსხვავდება ჩვენი წინა კვლევებისგან, რომლებშიც მცენარეების მიერ CO2-ის შთანთქვა დამოკიდებული იყო გარემოპირობებზე, განათებაზე, დღისა და ღამის პერიოდზე, ნიადაგში წყლის შემცველობის დონეზე.“
მეცნიერების გუნდმა ასევე შეაფასა, თუ რას შეიძლება ნიშვანდეს მათი კვლევა საშუალო (15 მ²) და დიდი (100 მ²) ოფისებისთვის ვენტილაციის სხვადასხვა ხარისხით. მათი გამოთვლებით საშუალო ზომის ოფისში, რომელიც ცუდად ნიავდება და მასში ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, ზემოხსენებული სახეობის 5 ოთახის მცენარეს აზოტის დიოქსიდის შემცველობის შემცირება 20%-დე შეუძლიათ. უფრო დიდ ოფისში ეფექტი 3.5%-ით შემცირდებოდა, მაგრამ მისი გაზრდა ადვილი შესაძლებელი იქნებოდა მცენარეების რაოდენობის წყალობით.
მართალია მცენარეების ეფექტურობა ჰაერში NO2-ის დონის შემცირებაში თვალსაჩინოა, საიდუმლოდ რჩება თუ რა პროცესები დგას ამის მიღა. დოქტორ ფრანგმა დასძინა: „არ ვთვლით რომ მცენარეები იმავე მექანიზმით ისრუტავენ NO2-ს, როგორითაც CO2-ს შთანთქავენ. ეს უკანასკნელი შეისრუტება სტომატებით – მცენარეების ფოთლებზე არსებული მცირე ზომის ხვრელებით. გრძელვადიანი ექპერიმენტის დროსაც კი ვერანაირი ნიშანი ვიპოვეთ რომ მცენარეები NO2-ს ისევ გამოყოფენ ატმოსფეროში. ამიტომაც ვვარაუდობთ რომ აქ მოქმედებს ბიოლოგიური პროცესი, რაშიც ჩართულია ნიადაგი, რომელშიც იზრდება ოთახის მცენარე. თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ.“
დოქტორ ტატიანა ბლანუსამ, RHS-ს მთავარმა მებაღემ და ექპერიმენტში მონაწილე ცნობილმა მეცნიერმა განაცხადა: „ეს კვლევა განავრცობს RHS-ს ხელთ არსებულ მასალას და გაამდიდრებს მას სამეცნიერო დეტალებით, რომლებიც პოპულარული გატაცების მიღმა დგანან. მცენარეების შესაძლებლობების შესწავლა და სწორად გაგება დაგვეხმარება ადამიანებისთვის რჩვების მიცემაში. რათა მათ ისეთი ოთახის მცენარეები შეიძინონ, რომლებიც არამხოლოდ გაალამაზებენ მათ სახლებსა და ოფისებს, არამედ ეკოლოგიურ ფუნქციასაც შეასრულებენ.“
ექსპერიმენტის შემდგომ ეტაპზე მეცნიერების გუნდი შეიმუშავებს რთულ ხელსაწყოებს დახურულ სივრცეში ჰაერის მდგომარეობის მოდელირებისათვის. ისინი უფრო ფართო ცვლილებების სპექტრს მოიცავენ. Met Office-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოიყენებენ მობილურ ხელსაწყოებს ჰაერის ხარისხის გაზომვისთვის, მასში დამაბინძურებელი ნივთიერებების ოდენობის ანალიზისთვის, მათი ზემოქმედების შემოწმებისთვის სახლებსა და ოფისებში, რათა შეგროვდეს მონაცემები ახალი, უფრო სრულყოფილი ჰაერის ხარიხის გამზომი ხელსაწყოების შექმნისთვის.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო: www.sciencedaily.com