აშშ-ს კლიმატის კანონპროექტის წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფებს კომპანიები „Apple“-ი და „Disney“ უჭერენ მხარს
- ამერიკის ყველაზე ცნობილი ზოგიერთი კომპანია, როგორიცაა „Apple“-ი, „Amazon“-ი, „Microsoft“-ი და „Disney“, ზურგს უმაგრებს იმ ბიზნესჯგუფებს, რომლებიც კლიმატის უმნიშვნელოვანესი კანონმდებლობის წინააღმდეგ იბრძვიან.
- ურთიერთმორიგების კანონპროექტს ჩაკ შუმერმა, აშშ-ს სენატის დემოკრატმა ლიდერმა, უწოდა „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კლიმატის კრიზისის მოგვარების კუთხით“.
- თუმცა იგივე კომპანიები ან ღიად უჭერენ მხარს ან აქტიურად ხელმძღვანელობენ ლობისტურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ ჩაძირონ ჯო ბაიდენის, კლიმატის კრიზისის დასაძლევი ამბიციური კანონპროექტი და საფრთხეს უქმნიან ერთ-ერთ ბოლო საკანონმდებლო ძალისხმევას.
- კანონპროექტს დიდი ქარიშხალი ელოდება, რომელსაც უკვე საფრთხეს უქმნის კონგრესი, რადგან ამ პაკეტის მისაღებად პრეზიდენტს სენატის ყველა დემოკრატის ხმა დასჭირდება.
- ”ეს არის ისტორიული შანსი, რომ დასრულდეს წიაღისეული საწვავის სუბსიდირება და ინვესტიცია მომავალში ჩაიდოს“.
ამერიკის ყველაზე ცნობილი ზოგიერთი კომპანია, როგორიცაა „Apple“-ი, „Amazon“-ი, „Microsoft“-ი და „Disney“, ზურგს უმაგრებს იმ ბიზნესჯგუფებს, რომლებიც კლიმატის უმნიშვნელოვანესი კანონმდებლობის წინააღმდეგ იბრძვიან და ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც ამ კომპანიებმა თვითონვე დადეს პირობა, რომ წვლილს შეიტანდნენ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კორპორატიული ლობისტური ჯგუფებისა და ორგანიზაციების მობილიზება მას შემდეგ მოხდა, რაც დემოკრატებმა კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი 3.5 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტით, რომელიც პლანეტის სათბურის აირების შემცირების მიზნით უპრეცენდენტო ზომებს ითვალისწინებს. ურთიერთმორიგების კანონპროექტს ჩაკ შუმერმა, აშშ-ს სენატის დემოკრატმა ლიდერმა, უწოდა „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კლიმატის კრიზისის მოგვარების კუთხით“.
უმსხვილესი ამერიკული კორპორაციები კლიმატის კრიზისის გამო შეშფოთებას გამოხატავენ და სათბური გაზების შემცირების მიზნით საკუთარ გადაწყვეტილებებს აანონსებენ. ჯეფ ბეზოსმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, განაცხადა, რომ კლიმატის კრიზისი “ჩვენი პლანეტისთვის ყველაზე მასშტაბური საფრთხეა“ და მის მიერ დაარსებულმა კომპანიამ, “Amazon-მა”, პირობა დადო, რომ 2040 წლისთვის მისი ბიზნესი ემისიებს ნულამდე დაიყვანს. „Microsoft“-ი აპირებს, ათწლეულის განმავლობაში გახდეს „ნახშირბადისგან თავისუფალი“, ხოლო „Disney“-ის სურს, იგივე ვადებში მხოლოდ განახლებადი ელექტროენერგიის წყაროები გამოიყენოს.
თუმცა იგივე კომპანიები ან ღიად უჭერენ მხარს ან აქტიურად ხელმძღვანელობენ ლობისტურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ ჩაძირონ ჯო ბაიდენის, კლიმატის კრიზისის დასაძლევი ამბიციური კანონპროექტი და საფრთხეს უქმნიან ერთ-ერთ ბოლო საკანონმდებლო ძალისხმევას, რომლის თანახმადაც გადაწყდება, პლანეტის ზოგიერთი ადგილი გახდება თუ არა საცხოვრებლად გამოუსადეგარი კლიმატური მდგომარეობის გამო, თუ მოხდება ამის თავიდან აცილება.
„მსხვილ კორპორაციებს განსაკუთრებით უყვართ საზოგადოების დარწმუნება, რომ მზად არიან კლიმატის კრიზისის დაძლევისა და მდგრადი მომავლის შესაქმნელად, თუმცა დახურულ კარს მიღმა საპირისპიროს აკეთებენ, როდესაც აფინანსებენ ინდუსტრიულ სავაჭრო ჯგუფებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან კლიმატის ცვლილების ყველაზე დიდი კანონპროექტის შესაჩერებლად“, – განაცხადა კაილ ჰერიგმა, ზედამხედველობის ჯგუფის „Accountable.US“-ის პრეზიდენტმა, რომელმაც შეადგინა ეს ანალიზი.
„Guardian“-ი დაუკავშირდა ზოგიერთს ამ კომპანიებიდან, თუმცა არცერთ მათგანს არ გაუკრიტიკებია იმ ლობისტური ჯგუფების პოზიცია, რომლებთანაც კავშირები აქვთ და არცერთი მათგანი არ აპირებს ამ კავშირების გადახედვას.
ამ საეჭვო ჯგუფების ზურგს უკან დამალვა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს გარემოს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ კომპანიების სახელსა და რეპუტაციას“, – განაცხადა ჰერიგმა.
აშშ-ს სავაჭრო პალატამ პირობა დადო, „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონპროექტი არ გახდეს კანონი, რადგან ის გამოიწვევს გადასახადების გაზრდასა და სამუშაო ადგილების შემცირებას“. წამყვანი ბიზნესლობისტური ჯგუფის საბჭოში შედიან კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, მათ შორის ‘Microsoft“-ის, „Intuit“-ის, „United Airlines“-ისა და „Deloitte“-ის, რომლებმაც კლიმატის ცვლილების გამო შეშფოთება გამოხატეს. „Deloitte“-ს თანამშრომელთა ტრენინგში კლიმატის კრიზისის სწავლებაც კი აქვს ჩართული და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით უამრავ დაპირებას იძლევა.
ამერიკის ფარმაცევტული კვლევები და მწარმოებლები, სავაჭრო ჯგუფი, რომლის წევრებს შორისაც არიან „Bayer“-ი და „AstraZeneca“, შემოთავაზებული კანონპროექტის წინააღმდეგ რეკლამებს იყენებს. რეიტინგის კოალიცია, კიდევ ერთი ლობისტური ჯგუფი, რომლის რიგებშიც „Disney“, „FedEx“-ი და „Verizon“-ი შედიან, ასევე აპირებენ კანონპროექტის წინააღმდეგ ანტირეკლამების გაშვებას. ხოლო მწარმოებლების ეროვნულმა ასოციაციამ, „Johnson & Johnson“-ის, „Dow“-სა და „Goodyear“-ის მხარდაჭერით, განაცხადა, რომ ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს კანონპროექტის ჩასაძირად.
კანონპროექტს დიდი ქარიშხალი ელოდება, რომელსაც უკვე საფრთხეს უქმნის კონგრესი, რადგან ამ პაკეტის მისაღებად პრეზიდენტს სენატის ყველა დემოკრატის ხმა დასჭირდება. ჯო მანჩინი, ცენტრისტი დემოკრატი დასავლეთ ვირჯინიიდან, რომელიც აქტიურად იღებს დონაციებს წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიებიდან, აცხადებს, რომ კანონპროექტში კლიმატის ნაწილი „უაზროა“ და მოითხოვს ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სუბსიდიების შენარჩუნებას. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, უკლებლივ ყველა ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს.
ამოქმედების შემთხვევაში, კანონპროექტი შექმნის სისტემას, რომელიც აშშ-ს ელექტროენერგიის სისტემიდან გამონაბოლქვს ეტაპობრივად შეამცირებს, ფინანსურად ხელს შეუწყობს ნახშირბადისგან თავისუფალი ბირთვული ენერგიის გამყარებასა და წაახალისებს ელექტრომანქანების გამოყენებას.
კლიმატის კრიზისის მოგვარების მიზნით ეს პირველი დიდი მცდელობაა ათწლეულების მანძილზე. ამავე დროს, ამ კანონპროექტის წარდგენა ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც მეცნიერები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მთელ მსოფლიოს, რომ კლიმატის კატასტროფული ცვლილების თავიდან ასაცილებლად დრო იწურება. კანონმდებლობის ჩავარდნა ბაიდენს არა მარტო პოლიტიკურად დააზიანებს, არამედ ასევე შეაფერხებს მცდელობებს, სხვა ქვეყნებს უფრო მკვეთრი ქმედებებისკენ მოუწოდონ გაეროს კლიმატის გადამწყვეტი მოლაპარაკებების წარმართვის დროს, რომელიც მალე შოტლანდიაში გაიმართება.
”ეს არის ისტორიული შანსი, რომ დასრულდეს წიაღისეული საწვავის სუბსიდირება და ინვესტიცია მომავალში ჩაიდოს,” – თქვა ლუკას როსმა, დედამიწის მეგობრების კლიმატის პროგრამის მენეჯერმა. ”ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებთ კლიმატის მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მისაღებად, რადგან შეიძლება სხვა შანსი აღარ მოგვეცეს“.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ანუკი კვეკვესკირი
წყარო : www.theguardian.com