ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა „სიცხით გარდაცვალების მესამედზე მეტს იწვევს“
- კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში 1991-2018 წლებში სიცხისგან გამოწვეული გარდაცვალებები უკავშირდება ადამიანების მიერ გამოწვეულ გლობალურ დათბობას.
· მონაცემები გვიჩვენებს, რომ დათბობის სწრაფი ტემპი უკვე იგრძნობა პოტენციური და კატასტროფული კლიმატის ცვლილების მეტ-ნაკლებად საწყის ეტაპზეც.
· გარდა სიკვდილისა, მაღალ ტემპერატურას შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა ან სუნთქვასთან დაკავშირებული გართულებები.
კვლევამ აჩვენა, რომ 1991-2018 წლებში მსოფლიოში დაფიქსირებულ სიცხისგან გამოწვეულ გარდაცვალებათა მესამედზე მეტი უკავშირდება ადამიანების მიერ გამოწვეულ გლობალურ დათბობას.
კლიმატის გაუარესებას თან ახლავს ეფექტების სერია: ტყის ძლიერი ხანძრებიდან დაწყებული, ექსტრემალური, უჩვეულო ამინდით დამთავრებული. ტემპერატურის მატების შედეგად უფრო ძლიერი და ხშირი სიცხის ტალღები შეუსაბამოდ შემაწუხებლად მოქმედებს მოხუც ადამიანებსა და ასთმისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, რის გამოც ისინი ამ დაავადებებისა და ნაადრევი სიკდილის მიმართ უფრო მოწყვლადები ხდებიან.
კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature Climate Change“, გამოიყენა 43 ქვეყნის 732 ადგილის მონაცემები, რათა გამოეთვალა გარდაცვალებები, რომელიც ადამიანის არსებობისათვის იდეალურ ტემპერატურაზე (რომელიც ადგილების მიხედვით განსხვავდება) უფრო მაღალი მაჩვენებლით იყო გამოწვეული.
მკვლევრებმა შეისწავლეს იმიტირებული ამინდი ადამიანების მიერ გამოწვეული ემისიებითა და მათ გარეშე, რამაც მათ საშუალება მისცა, ერთმანეთისგან გაემიჯნათ დათბობა და მასთან დაკავშირებული, ადამიანების ქმედებით გამოწვეული გავლენა ჯანმრთელობაზე ბუნებრივი მოვლენებისგან.
საბოლოოდ დადგინდა, რომ შესწავლილ ადგილებში სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალების 37% ადამიანის საქმიანობაზე მოდის, თუმცა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყველაზე დიდი მსხვერპლი (50%-ზე მეტი) აღმოჩნდა სამხრეთ და დასავლეთ აზიაში (ირანი და ქუვეითი), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა (ფილიპინები და ტაილანდი) და ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.
მონაცემები აჩვენებს, რომ დათბობის სწრაფი ტემპისგან გამოწვეული ეფექტები ჯანმრთელობაზე უკვე საგრძნობია ამ პოტენციურად კატასტროფული კლიმატური ცვლილების შედარებით საწყის ეტაპზეც, განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, პროფესორმა ანტონიო გასპარინიმ ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლიდან. „ეს ერთგვარი მოწოდებაა, რათა თავიდან ავიცილოთ ან შევასუსტოთ პოტენციური ეფექტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მომავალში გლობალური დათბობის წინსვლასთან ერთად ბევრად მძლავრი იქნება. მთავარი გზავნილი ისაა, რომ აღარაა საჭირო, ველოდოთ 2050 წელს, რათა სიცხისგან გამოწვეულ გარდაცვალებათა მატება დავინახოთ“.
სიკვდილის გარდა, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა ან სუნთქვის გაძნელებით გამოწვეული ჰოსპიტალიზება. ეს პრობლემები, როგორც წესი, უფრო ხშირია და ემატება ისედაც მზარდ ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს, თქვა მთავარმა ავტორმა, პროფესორმა ანა ვისედო-კაბრერამ ბერნის უნივერსიტეტიდან. „სიკვდილიანობა მხოლოდ აისბერგის წვერია“.
ანალიზმა ვერ მოიცვა მთელი პლანეტა; მაგალითად, აფრიკისა და სამხრეთ აზიის დიდი ნაწილებიდან კვლევაში შესატანად საკმარისი ემპირიული მონაცემები არ არსებობდა.
კვლევის დასკვნები არის როგორც მეცნიერულად სოლიდური, ასევე, საგანგაშო, განაცხადა კლერ გუდესმა, ისთ ანგლიის (აღმოსავლეთ ინგლისი) გარემოს შემსწავლელი მეცნიერების სკოლის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.
„კვლევის დასკვნები გვიჩვენებს, რომ ხალხი უკვე ყველა კონტინენტზე იღუპება ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებისგან გაზრდილი სიცხის სტრესის შედეგად. ეს ნათელს ხდის გლობალური მოქმედების კატეგორიულობას, შეწყდეს სათბური აირების გამოყოფა. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ 26 ნოემბრის გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მრავლისმეტყველ შეთანხმებებამდე მივიდეთ“.
გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული „ლოქდაუნების“ გამო წიაღისეული საწვავის წვის 7%-ით შემცირების მიუხედავად, გლობალური ტემპერატურა პრე-ინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით მაინც 1.2 ცელსიუსით მეტი იყო. ეს უსიამოვნოდ ახლოსაა მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ დასახულ 1.5 ცელსიუსის მიზანთან, რომლის ნახევარი გრადუსით გადაცდომაც კი მნიშვნელოვნად გააუარესებს გვალვების, წყალდიდობების, გაუსაძლისი სიცხისა და ასობით მილიონი ადამიანის სიღარიბის რისკებს.
სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და მეგი რუსია
წყარო : amp.theguardian.com